logo
ENG



დარჩიაშვილი ბლინკენს: იმედია, წარმოადგენთ მტკიცებულებებს ან გადახედავთ გადაწყვეტილებას

06 აპრ 202314:02
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს წერილი მისწერა. დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეა სანქცირების შესახებ გაუგებარი და მიუღებელია. ის მოუწოდებს აშშ-ის წარმოადგინონ მტკიცებულებები ან გადახედონ გადაწყვეტილებას.

"სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს", - აღნიშნულია წერილში.

ილია დარჩიაშვილი წერილს იწყებს წიან ხელისუფლების დროს სისტემური პრობლემების აღწერით, რომელიც მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაშიც იყო. გარდა ამისა, დარჩიაშვილი იმ რეფორმებზე საუბრობს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გატარდა და ამბობს, რომ სასამართლო სისტემის კრიტიკოსებმა დღემდე ვერ წარმოადგინეს კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც, "მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა".

"სასამართლო სისტემის კრიტიკოსების არაობიექტურობის ნათელი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მხრიდან საქმის მოსამართლის მისამართით „განხორციელებული უსაფუძვლო მედია შეტევები შეიძლება განხილული იყოს როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და აღნიშნულმა შეტევებმა, ზოგადად, წვლილი შეიძლება შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში“. გვინდა შეგახსენოთ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები [...]

ამიტომ, ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას".


close დახურვა