logo
ENG



დასავლეთმა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს - გათავისუფლდა ვადიმ კრასიკოვიც

02 აგვ 202400:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/7abanv3l42dglr3.jpg

თურქეთში, ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა. გაცვლის პროცესში სულ 26 ადამიანი მონაწილეობდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა. რაც შეეხება რუსეთს, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში თქვეს, რომ გაცვლის შედეგად ქვეყანაში 8 მოქალაქე დაბრუნდება.

რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა გამოაქვეყნა გათავისუფლებულთა სია, რომლის თანახმადაც, რუსეთში, მათ შორის ბრუნდება გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, FSB-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილე ვადიმ კრასიკოვი.

ამასთან, აშშ-მა რუსეთს გადასცა სამი ადამიანი, რომელიც აშშ-ის ციხეში იმყოფებოდა - რომან სელეზნევი, ვლადიალავ კლიუშინი და ვადიმ კონოშენკო. ასევე, არტემი და ანა დულცევები - მეუღლეები, სლოვენიელი არალეგალები და მიხაილ ვალერიევიჩ მიკუშინი - ნორვეგიაში არალეგალურად მცხოვრები რუსი ემიგრანტი, ასევე, პაველ რუბცოვი - რუსეთის ჯაშუში.

რაც შეეხება რუსეთის მიერ გადაცემულებს, მათ შორის არის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, ასევე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები - ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი.

ასევე, სიაში მოხვდნენ: The Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რუს-ამერიკელი რედაქტორი ალსუ კურმაშოვა, მხატვარი საშა სკოჩილენკო, ჟურნალისტი ანდრეი პივოვაროვი, გერმანიის 19 წლის მოქალაქე კევინ ლიკი, აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ასევე, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, დიტერ ვორონინი, პატრიკ შიობელი და რუსეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადვოკატი გერმან მოიჟესი.

კრემლის კრიტიკოსსა და რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას, სავარაუდოდ, აშშ-ში გადაიყვანენ. კარა-მურზა დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეა და მწვანე ბარათს ფლობს. სწორედ ის ახსენა ჯო ბაიდენმა გაცვლასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დასაწყისშივე:

"დღეს ამერიკის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკული მწვანე ბარათის მფლობელი, რომლებიც უსამართლო პატიმრობაში იმყოფებოდნენ რუსეთში ციხეებში, ბოლოსდაბოლოს შინ ბრუნდებიან: პოლ უილიანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმირ კარა-მურზა", - თქვა ჯო ბაიდენმა.

გარდა ამისა, დღეს ბელარუსმა გაათავისუფლა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ შეწყალებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი.

თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს ჯო ბაიდენის გვერდით ტრიბუნასთან პატიმრობიდან გათავისუფლებული აშშ-ის მოქალაქეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.


close დახურვა