დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიაში უამრავი პრობლემაა, თუმცა, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის მატებაა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მძიმე პირობებში მუშაობენ - ავტომობილები მოუწესრიგებელი და გაუმართავია, ასევე კომპანია არ უზრუნველყოფს მათ სეზონური უნიფორმებით და ზაფხულშიც ზამთრის ფორმებით უწევთ მუშაობა.
თბილსერვის ჯგუფის წევრებმა კომპანიის შესასვლელი გზა გადაკეტეს, ავტომობილებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
"მანქანას ხან რა ძვრება, ხან რა. ხალხი ქუჩა-ქუჩა გვლანძღავს. ასე ვმუშაობთ და ხელფასის მატება რომ მოვითხოვეთ, თურმე მერია უკმაყოფილო ყოფილა. რადგან კალაძე უკმაყოფილოა, გამობრძანდეს, არ მეშინია, გამაგდებს და აქვე მოვალ, აქვე გამოვიჭრი ყელს. გადმოვიდეს თავისი ფერარიდან კალაძე, ნახოს კარტოფილი რა ღირს და 744 ლარი ვის ეყოფა, გაანალიზოს", - ამბობს თბილსერვის ჯგუფის წევრი ირაკლი ბაღდავაძე.