logo
ENG



დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

01 სექ 202616:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/01/xxg2xschwf4unod.png

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გამოძიების თანახმად, გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ გარდაცვლილმა დაურ ბუავამ და ვალერია კირილიუკმა მოიხმარეს. გუდაძის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 6,27 გრამი „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო საბა ბოჭორიშვილს 0,24 გრამი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

გივი გუდაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლებით წარედგინა ბრალი, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბა ბოჭორიშვილს კი ბრალი 273-ე მუხლით წარედგინა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის დახურვის შესახებ, რადგან საქმეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ახლავს.


close დახურვა