სიგარეტის გაძვირების შემდეგ, ახლა დაუფასოებელი სახით თამბაქოს რეალიზაცია იკრძალება. ახალი რეგულაციები 21 ნოემბრიდან ამოქმედდება. აქციზის გარეშე დაუშვებელი ხდება თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის, შესახვევი, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს გაყიდვა.
ასევე აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტის სითხის მიწოდება. ოპოზიცია რეგულაციების გამკაცრებას მავნებლურ გადაწყვეტილებას უწოდებს, რომელიც მავნე ჩვევაზე უარის თქმის ნაცვლად, მოქალაქეებს უხარისხო პროდუქციის შეძენისკენ და კონტრაბანდის წახალისებისკენ უბიძგებს. მათი აზრით, 21 ნოემბრიდან თამბაქოს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და რაც კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობის მომატებას ხელს შეუწყობს.
თამბაქოზე, რომ ფასები გაიზრდება ამას აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურშიც. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა ჩატარდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ადამიანების გაფრთხილება, რომლებიც თამბაქოს რეალიზაციას ახდენენ.
21 ნოემბრიდან თამბაქოს რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ 50 და 100-გრამიან შეფუთვით, რომელიც აქციზური მარკით ნიშანდებული, უნდა იყოს. დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.