პარტია საქართველოსთვის წევრის, მიხეილ დაუშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გიორგი გახარიას პარტია "ინდივიდუალურ დონეზე" ქართული ოცნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის "კარს არ დახურავს."
კერძოდ, ფორმულას ეთერში საუბრისას მან განაცხადა, რომ პარტია საქართველოსთვის გამორიცხავს ქართულ ოცნებასთან, ან ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობას, მაგრამ, არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ შედგეს თანამშრომლობა ქართული ოცნების ცალკეულ წევრებთან.
"როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო ასევე არჩევნების შემდგომ კოალიციებზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის, ცალსახად, წითელი ხაზია ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კარი დავხურეთ ინდივიდუალური პოლიტიკოსების ფონზე. როგორც კი მივიღებთ მოცემულობას, როცა ოცნებას უმრავლესობა აღარ აქვს, მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება. ოცნება ამავე სახით, როგორც ახლა არსებობს, ვეღარ იარსებებს. ჩვენ ინდივიდუალური პოლიტიკოსების დონეზე, მათ შორის ოცნებისთვის, კარს არ დავხურავთ. ვისთან გავერთიანდებით გვეცოდინება მაშინ, როცა გავიგებთ [ქართული ოცნების] სიას. ამაში გასაკვირი არაფერია", - თქვა მან.