აშშ-ს ელჩის განცხადებით, საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვება, ნამდვილად არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ. ამით კელი დეგნანი ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერების განცხადებას, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევა და ამაზე კონსტიტუციის ცვლილება საჭირო აღარ არის.
"ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომ დაბალი ბარიერი იქნებოდა პოზიტიური რამ საარჩევნო რეფორმისთვის. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, რამაც მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში.
ეს არ შეესაბამება იმ რეკომენდაციებს რაც გასცეს საერთაშორისო ექსპერტებმა და რაზეც შეთანხმდა პოლიტიკური სპექტრი. სამწუხარო იქნება, რომ რაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათ შორის, მმართველი პარტიაც, არ განხორციელდება", - თქვა ელჩმა.
19 აპრილს, შარლ მიშელის მედიაციით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას.
კობახიძემ გუშინ, 30 ნოემბერს თქვა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება. მისი განცხადებით, ცვლილებების დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული".