logo
ENG



დეგნანი: დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს საქართველოს, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს

14 დეკ 202118:13
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს საქართველოს, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს

აშშ-ს ელჩმა საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შეფასებისას პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები გაიზიარა და თქვა ისიც, რომ საქართველოს პროგრესი ფერხდება, რითიც მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.

ელჩი ამბობს რომ მხარს უჭერს ინკლუზიურ მმართველობას, რაც შეამცირებს პოლარიზაციას ქვეყანაში. 

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის არაჩვეულებრივ სიტყვაში ძალიან ნათლად წარმოაჩინა საქართველოში არსებული მდგომარეობა. მან ისაუბრა გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. მან მოუწოდა ინკლუზიური მმართველობისკენ, დიალოგისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ. ჩვენ ყველა ამ ინიციატივას ვუჭერთ მხარს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს გამთლიანების პროცესი იმ დაპირისპირებისა, რაც არსებობს საზოგადოებაში. პრეზიდენტია როლი ამაში განმტკიცებულია კონსტიტუციით. 

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხის მიერ არჩეულმა ლიდერებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის პარლამენტში, ეს იქნება ძალიან დამაიმედებელი ქართველი ხალხისთვის. 

დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს საქართველოს პროგრესს, განვითარებას, აქედან სარგებელს ნახულობს მხოლოდ ერთი, ესაა რუსეთი. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, გამრთელების, გამთლიანების პროცესი დაიწყება საქართველოში და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას", - თქვა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

***

შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე". 

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას. 

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით", - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა

თავის მხრივ, შეხვედრაზე ლაპარაკი 28 ოქტომბერს დაიწყო, როცა შეიქმნა პეტიცია სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მოთხოვნით, გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მზად არის, შეხვდეს როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მიხეილ სააკაშვილსაც. 


close დახურვა