logo
ENG



დეგნანი: მთავრობას მოვუწოდეთ ღირსების დაცვით მოექცნენ სააკაშვილს, დაიცვან მისი უფლებები

05 თებ 202220:13
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: მთავრობას მოვუწოდეთ ღირსების დაცვით მოექცნენ სააკაშვილს, დაიცვან მისი უფლებები

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ საელჩო მთავრობას მოუწოდებს სააკაშვილს ღირსების დაცვით მოექცნენ და მან მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურეობა, რაც ადამიანის უფლებაა.

"ბატონი სააკაშვილი ქვეყანაში ძალიან დაძაბულ დროს დაბრუნდა. ზუსტად არჩევნების დაწყების წინ, როცა პოლარიზაცია უკვე ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ როგორც საჯარო, ასევე კერძო საუბრებში მთავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მისი ადამიანის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურება და რა თქმა უნდა სამართლიანი სასამართლო პროცესი მიიღოს, რაც  მოგეხსენებათ გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციის საბაზისო პრინციპია.

ჩვენ ასევე მოვუწოდეთ მთავრობას დაიცვას სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ვისაც კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალქეების უფლებების დაცვას. ძალიან კარგი ბაზისი არსებობს იმისთვის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს პატივისცემით და ღირსებით მოპყრობა, რაც მას ეკუთვნის საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთშორისო შეთანხმებების საფუძველზე.

ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელებთ მის მიმდინარე სასამართლო საქმეებზე დაკვირვებას და რა დონემდეც შეგვიძლია ამის გაკეთება, იმაში დარწმუნებას, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს მასთან წვდომა და ის იღებდეს მისთვის საჭირო სამედიცინო მზრუნველობას." - ამბობს კელი დეგნანი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კელი დეგნანი კითხვაზე პასუხად, თვლის თუ არა ის, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს, ამბობს, რომ  შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა. სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად სცნო, მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა და საკითხი იქ უნდა გადაწყდეს.

"ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ. ბატონი სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად სცნო. შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა. მან საქმე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში შეიტანა, რომელიც ამას გადაწყვეტს და ეს არის სათანადო ადგილი ამის გასაკეთებლად. იმ საქმეებზე, რომელიც ჯერ კიდევ წარმოებაშია, მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მისი სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი  და მის წინააღმდეგ ბრალდებები იყოს სრულად წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება" - ამბობს კელი დეგნანი.


close დახურვა