საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეებმა, მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, პროპორციულ სიასაც მიაქციონ ყურადღება.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მოახლოებული არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, წარმომადგენლობითი პარლამენტი აირჩიონ.
"ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას იძლევა, ოქტომბერში არჩეული იყოს წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც მრავალფეროვანი წარმომადგენლობა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, ქართველებმა ყურადღება მიაქციონ პროპორციულ სიებსაც. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, რომ ჩაატაროს სრულად პროპორციული არჩევნები 2024 წელს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად", - განაცხადა დეგნანმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.