logo
ENG



დეგნანი გვარამიას შეწყალებაზე: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ყველაფერს მიიღებს მხედველობაში

24 აპრ 202313:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/24/0kpzv3a17gyei7k.jpg

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება "სრულად პრეზიდენტის პრეროგატივაა".

დეგნანი ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება, სადაც ისინი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

ელჩის თქმით, ორგანიზაციები, რომლებმაც პრეზიდენტს წერილით მიმართეს, "საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები არიან დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირის წევრობის კუთხით". 

"გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ ეს, არსებობდა შეშფოთება მისი საქმის დროსა, ბრალდებებსა და შემდგომ უკვე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს წერილი პრეზიდენტის მიმართ არის ორგანიზაციისგან, რომელიც არის საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი დემოკრატიის განვითარების და ევროკავშირის წევრობის. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ეს სრულიად მისი პრეროგატივაა, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერს მიიღებს მხედველობაში", - განაცხადა დეგნანმა.

***

ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მოუწოდებენ, შეიწყალოს პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია.

ორგანიზაციები მიესალმებიან სალომე ზურაბიშვილის პოზიციას უცხოელი აგენტების კანონპროექტების შესახებ, მისი დაგმობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით და მოუწოდებენ, დაიკავოს ასევე მნიშვნელოვანი პოზიცია პრესის თავისუფლების დასაცავად და საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებით ნიკა გვარამია გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და "გვარამიას ციხიდან გამოშვება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ".

***

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა