logo
ENG



დეგნანი მურუსიძეზე: მოსამართლეებისთვის ღირებულია გაუზიარონ შეხედულებები ამერიკელ კოლეგებს

01 ნოე 202213:49
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ მოსამართლეები აშშ-ში "ექსკურსიაზე დაჰყავთ" და რეალურად იქ არაფერს სწავლობენ. დეგნანმა თქვა, რომ ის შეხვედრია ბევრ ქართველ მოსამართლეს, რომლებსაც ამერიკაში გაცვლით პროგრამაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი პრაქტიკა ძალიან ღირებულია. 

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ საქართველოს მასშტაბით უამრავ მოსამართლეს შევხვდი, ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის რეგიონებში. მე ყველა მათგანისგან მოვისმინე აშშ-ში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, სასწავლო ვიზიტების, ტრენინგების შესახებ. ჩვენ ჩამოგვყავს ამერიკელი მოსამართლეები საქართველოში, რათა მოხდეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ის, რაც მე მათგან მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ კიდევ მეტი ასეთი შესაძლებლობა იყოს, მეტი სასწავლო ვიზიტი, მეტი ტრენინგი, რადგან ძალიან ღირებულია, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მოსაზრებებს. ზოგადად შეხედულებების გაცვლა ყოველთვის ძალიან ნაყოფიერია და, რა თქმა უნდა, ემსახურება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის მოდერნიზაციისკენ. ეს ძალისხმევა დიდი ხანია გრძელდება და ამას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მუშაობის თვალსაზრისით, თუმცა ეს სამუშაო და ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ეს ნათელია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პრიორიტეტისგანაც. ეს იგივე სამუშაო, რაც საქართველოს დღის წესრიგში გარკვეული დროა არსებობს. აშშ არის ამაყი იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს ქართველ მოსამართლეებს მათ ძალისხმევაში გააძლიერონ სასამართლო დარბაზებში მუშაობა და ეფექტურობა და კანონის აღსრულების უნარი მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ჩარევის გარეშე."- ამბობს კელი დეგნანი

ლევან მურუსიძის განცხადებას გამოეხმაურა მოქმედი მოსამართლე ეკა არეშიძე. მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას მან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა:

"ბოლო ვიზიტის დროს 8-დან საღამოს 7 საათამდე, ყოველ დღე პროცესებს ვესწრებოდით და ამერიკელ კოლეგებს ვხვდებოდით. მაოცებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შენობების მეტი არაფერი დაამახსოვრდა ამ ვიზიტებით, იმედია ასეთები უმცირესობაში არიან. მადლობა ყველა იმ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც წლებია იღწვის და უამრავ რესურსს ხარჯავს ქართული სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. იმედს ვიტოვებ რომ ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და იმ ეტაპამდე მივალთ, რომ ექსკურსიებზე სიარულიც საკმარისი იქნება".


close დახურვა