საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან კითხვებია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ემიჯნება მმართველი გუნდი ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების ანტიამერიკულ განცხადებებს და თავდასხმებს აშშ-ზე.
ამის შესახებ დეგნანმა მთავარი არხის გადაცემა პოსტ-ფაქტუმში ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეალური კითხვები არსებობს ოცნებიდან წასული დეპუტატების მიმართაც, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების მეტად გახლეჩას.
"არაერთი მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან მისვამს შეკითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან. აგრეთვე არის კითხვები იმაზე, თუ მმართველი პარტია და მთავრობა, უფრო მკვეთრად რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას. ჩნდება კითხვები იმ პირთა მოტივის შესახებ, რომლებიც ცდილობენ დაბნეულობის დათესვას და საზოგადოების უფრო მეტად გახლეჩას. ვფიქრობ, რეალური კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა მიზანს ემსახურება ეს, მიზნად ხომ არ ისახავენ სცადონ, ზიანი მიაყენონ იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს უკვე 30 წელია", - ამბობს დეგნანი.