logo
ENG



დეგნანი რუსეთის განცხადებაზე: პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანონ საქართველოდან

06 აგვ 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock 1722

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეხმაურება რუსეთის განცხადებას და ამბობს, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რუსეთმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. 

დეგნანის თქმით, სხვა შემთხვევაში, ეს იქნება დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი მაგალითი.

"ასეთი ტიპის გზავნილები ქართველებს ადრეც მოუსმენიათ თუმცა იმისთვის, რომ ეს განცხადება სერიოზულად აღვიქვათ, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი დეზინფორმაციის გავრცელებისა. მნიშვნელოვანია რომ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება და დაუყოვნებლივ გახსნას ჰუმანიტარული კორიდორი. დიალოგისთვის და ასეთი მოლაპარაკებებისთვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკების გამართვა კეთილსინდისიერი ნაბიჯი იქნება ამ საკითხების მოსაგვარებლად", - თქვა დეგნანმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი მზად არის, თბილისთან აღადგინოს ურთიერთობები იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. 

"რუსეთი არასდროს სვამდა ტოლობის ნიშანს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ერს შორის. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის იმ დონემდე, რა დონეზეც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის დაცვით". - თქვა ბიკანტოვმა

ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა 2008 წლის ომზეც ილაპარაკა და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველო შეიარაღებული თავდასხმის დაწყებაში. 

მოსკოვი კვლავ ირწმუნება, რომ ომი საქართველომ დაიწყო მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, რუსეთმა კი "სამხრეთ ოსეთი" განადგურებისგან იხსნა.

"თავდაპირველად რუსეთმა მშვიდობიანი ოპერაციით შეაჩერა საქართველოს აგრესიული შეჭრა, შემდეგ კი უზრუნველყო სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და 2008 წლის 26 აგვისტოს ორივე რესპუბლიკა აღიარა სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად". - განაცხადა მან.

13 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს,  რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 


close დახურვა