logo
ENG



დეგნანი სააკაშვილის სასამართლოზე: პროცესის შეფერხება იწვევს შეშფოთებას, აჩენს მეტ კითხვას

14 დეკ 202215:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, "განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას".

დეგნანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ზედმეტად შეფერხება "იწვევს შეშფოთებას და აჩენს დამატებით კითხვებს".

"ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, მის მდგომარეობას და სიტუაციას. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვამბობთ, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მან მიიღოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღისთვის. ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება იწვევს შეშფოთებას და აჩენს დამატებით კითხვებს", - თქვა ელჩმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა - მიხეილ სააკაშვილს დღეს სხდომაზე დისტანციურად დასწრება სურდა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა და თქვა, რომ უწყება ამ "შესაძლებლობას" მოკლებული იყო.

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კლინიკაში სააკაშვილის დისტანციურად ჩასართავად ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ პენიტენციურის პასუხს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროცესზე ჩასართავად მზად იყო.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ "პროტესტის ნიშნად, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო".


close დახურვა