logo
ENG



დეგნანის თქმით, ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვა მნიშვნელოვანია

22 ნოე 202213:34
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მიესალმება ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას დეოლიგარქიზაციის კანონზე. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ახალი და კომპლექსურია, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტებმა მას მიღებამდე გადახედონ.

"ეს ძალიან კარგი რჩევაა, განსაკუთრებით, როცა ის მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან, დელეგაციისგან რომელთანაც საქართველო რეკომენდაციების შესრულებაზე თანამშრომლობს - მე მგონი, არსებობდა გარკვეული დაბნეულობა, რადგან იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო ვენეციის კომისიაში, შემდგომ გამოიწვიეს. შესაბამისად, ვენეციის კომისიასთან არ არის მოთხოვნა არცერთი კანონის განხილვასთან დაკავშირებით, არც საქართველოდან, არც უკრაინიდან.

ეს კანონი არის ახალი სფერო, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა კანონი მიღებამდე განიხილონ. როგორც აღვნიშნე, ეს არის ძალიან კომპლექსური და ახალი, ამიტომ კანონის დამტკიცებამდე, ვენეციის კომისიის ექსპერტების დასკვნის მიღება იქნება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს პარლამენტისთვის", - განაცხადა დეგნანმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.

"დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა", - წერია წარმომადგენლობის განცხადებაში.

***

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება.

კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.

დეოლიგარქიზაციაზე საუბარი იყო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ ანგარიშშიც, რომელიც 8 ნოემბერს მიიღეს - დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე ნახსენებია ბიძინა ივანიშვილი. კერძოდ, ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 


close დახურვა