logo
ENG



დედაენის ბარის რეიტინგი გაიზარდა - ადმინისტრაციის ცნობით Google-მა რუსების შეფასებები წაშალა

04 აგვ 202223:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/04/8r0ymdsg7z5gp9p.jpg

დედაენის ბარის ცნობით, Google-მა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საეჭვო შეფასებები წაშალა, რის შედეგადაც Google-ში დედაენის ბარის რეიტინგი 4.8-მდე გაიზარდა.

დღეს, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში ბარზე რუსეთის მოქალაქეების თავდასხმის შედეგად Google-ში ათასობით დაბალი შეფასება, უარყოფითი, ცრუ და მუქარის შემცველი კომენტარი გაჩნდა, რითაც ბარის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. 

თუმცა ახლანდელი მონაცემებით, ბარის შეფასება 4.8 ვარსკვლავია და რუსეთის მოქალაქეების მიერ მასობრივად დაწერილი უარყოფითი შეფასებები პლატფორმიდან წაშლილია.

***

დედაენის ბარის მფლობელმა დათა ლაფაურმა დღეს განაცხადა, რომ ინტერნეტ სივრცეში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბარზე თავდასხმა მიმდინარეობს.

ლაფაურის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ბარზე უარყოფით შეფასებებს როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე Google Map-ის აპლიკაციაში მასობრივად წერდნენ.

ლაფაური ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ბარის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და გარდა ამისა, საქართველოსადმი მუქარის შემცველ კომენტარებს წერენ.

„დეზინფორმაციას ეწევიან, რომ თურმე ჩვენ ძველ ხორცს ვყიდით, ხაჭაპურში ტარაკანი იპოვეს, როცა არც ხორცი არც ხაჭაპური ჩვენს ასორტიმენტში არ არის და რაც ყველაზე უარესია გვემუქრებიან, რომ 2008 წლის აგვისტოს მოგვანატრებენ, რომ ჩვენ ვართ რიგში შემდეგი, რომ ბაბუაჩვენები მადლიერი უნდა იყვნენ რუსების, რომ გადაგვარჩინეს თურქებს და სპარსელებს, რომ შეგვიქმნეს და გვაჩუქეს სახელმწიფო“ - აცხადებს ბარის მფლობელი.

2 აგვისტოს დედაენის ბარმა განაცხადა, რუსეთის მოქალაქეები ბარს მასობრივად უწერდნენ დაბალ შეფასებებს. ადმინისტრაციის თქმით, მათი უკმაყოფილება ბარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც შენობაში რუსეთის მოქალაქეები სპეციალურად შექმნილი ციფრული ვიზის გარეშე ვერ მოხვდებიან. ადმინისტრაციის ცნობით, რუსების უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ ბარის პერსონალი მათ რუსულ ენაზე არ ესაუბრება.

რუსეთის მოქალაქეებს სპეციალური ვიზის აღება ბარის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. რეგისტრაციის ფორმაში წერია, რომ ვიზის დაწესების მიზანი ისაა, რომ ბარში არ მოხვდნენ „ტვინგამორეცხილი რუსი იმპერიალისტები“.


close დახურვა