ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა განცხადა, ექსპერტიზის დასკვნით არ იკვეთება ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობითაა დაავადებული და სასჯელის გადავადების აუცილებლობა არ დასტურდება. თუმცა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა როგორია დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
„ჩვენ მივუთითეთ, რომ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, ასევე მივუთითეთ, რომ მისმა მკურნალმა ექიმმა განმარტა, რომ ნამდვილად არ ატარებდა დეკანოზის ქცევა სიმულაციურ ხასიათს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და ის მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებოდა“,-განაცხადა ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.