დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, ვაკის ფერიცვალების ტაძრიდან არანაირი მსვლელობა და აქცია არაა დაგეგმილი რუსთაველის მიმართულებით.
როგორც დეკანოზი ამბობს, ტაძარში 5 საათზე მწუხრის ცისკრის ლოცვა ჩატარდება, 7 საათზე პარაკლისს გადაიხდიან, რის შემდეგაც აღსარებებს ჩაიბარებს.
შალვა კეკელია ცხადებს, რომ ემიჯნება "ყველანაირ ძალადობას". მან ვიდეო მიმართვაში დაგმო პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა და ასევე გაემიჯნა მოქალაქეების მხრიდან პიროტექნიკისა და ქვების სროლას პოლიციელების მისამართით.
"მე ვერასდროს მხარე ვერ ვიქნები. იმ ახალგაზრდებს მინდა მოგიწოდოთ, ვინც ჩემი აზრი ვერ ან არ გაიგეთ, თუ რამე პრეტენზია გაქვთ და გაინტერესებთ, შეგიძლია ახალგაზრდები ეს ჯგუფი შეიკრიბოთ, მოდი და მკითხეთ რა აზრი მაქვს, ვისზე როგორ ვფიქრობ და მე ნებისმიერ დროს მზად ვარ შესახვედრად. მე როცა მთხოვთ, აქციაზე გამოვიდე, ამ ყველაფერს არ ვეთანხმები. ხომ შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს? ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვისწავლოთ ადამიანებმა" - თქვა დეკანოზმა.
ასევე, მან მწუხარება გამოთქვა გუშინდელი ინციდენტის გამო და აღნიშნა, რომ მისთვის მოღალატისა და რუსეთუმეს დაძახება შეურაცხმყოფელი და მიუღებელია.
"მინდა, კიდევ ერთხელ შენდობა ვითხოვო, გუშინ თუ წყობიდან გამოვედი. ჩვენც ადამიანები ვართ. ამ დღეებში ბევრ შეურაცხყოფას ვიტან, ვალდებული ვარ შეურაცხყოფა მოვითმინო, მაგრამ არის რაღაც წითელი ხაზები, ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახი ადამიანს და რუსეთუმეს, ეს ჩემთვის მიუღებელია და ამას ვერასდროს მივიღებ"- თქვა დეკანოზმა შალვა კეკელია.