logo
ENG



დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ეკლესიას წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდო სინოდი შეურაცხყოფს

12 თებ 202123:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/12/a2ryqjwjc9iz333.jpg

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სინოდის განჩინებასა და განჩინებაში მის შესახებ ჩანაწერს ეხმაურება - როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ეკლესიას თავად სინოდისა და საპატრიარქოს ქმედებები შეურაცხყოფს.

დეკანოზი განმარტავს, რომ ეკლესიაში არსებობს სხვა უამრავი პრობლემაც და განჩინებაში მის მიერ საპატრიარქოს კრიტიკისთვის ადგილის დათმობა არაადეკვატურია.

ასევე, ის საუბრობს იმ კონკრეტული პირების გადაცდომებზეც, ვისზეც, დეკანოზის აზრით, სხდომაზე უნდა ემსჯელათ და სინოდს „ერის მაზომბირებელს“ უწოდებს.

„საქართველოს ეკლესიის სინოდი, ფორმირებული საბჭოთა კგბ-ს მიერ (იხ. ედ. შევარდნაძის სატელევიზიო აღიარება) აგრძელებს ერის ზომბირებას, საეკლესიო ძალაუფლების უზურპაციას და რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ღრმად ჩანერგვას ქართველ ხალხში, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელათ მოსკოვის პატრიარქ კირილეს მიერ საქართველოში შემოჭრაზე და ცხინვალში უზარმაზარი რუსული ეკლესიის აშენებაზე და დეკანოზ თადეოზ სარალიძის ანტიეროვნულ, ანტიჰუმანურ, ანტიქრისტიანულ ქადაგებებზე, ეპ. იაკობის, მიტრ. საბა გიგიბერიას და ეპისკ. სპირიდონ აბულაძის არასერიოზულ ქადაგებებზე/განცხადებებზე და სხვა მრავალ დარღვევაზე, მე-4 საკითხად გატანილ იქნა ჩემი საკითხი, რომ ჩემი კრიტიკა საპატრიარქოს და მისი ცალკეული იერარქების ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ, ანტიჰუმანისტურ ქმედებებზე არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ამიტომ ვიმსახურებს სადამსჯელო კომისიის მიერ განხილვას და შესაბამისად სასჯელს.

უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი შეურაცხჰყოფა ქრისტესი და მისი ეკლესიის, რასაც ჩვენი წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდო სინოდი კადრულობს, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყვავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი, მის ნაცვლად არის ძალაუფლების და სიცრუის კერპი, რომელმაც დაიმონა მთელი საქართველი და დააზომბირა ქართველი ერის დიდი უმრავლესობა! ასეთი ფსევდო ეკლესიის მღვდელმსახურება მიმაჩნია ქრისტეს გაყიდვად და სატანის მსახურებად! დანარჩეს უფრო დეტალურად თანდათან მოგახსენებთ და განვაცხადებ!",- წერს დეკანოზი.

სინოდის 11 თებერვლის სხდომის განჩინება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ერთერთი პუნქტი კი სწორედ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ეხება. როგორც განჩინებაში ვკითხულობთ, დეკანოზის შესახებ  სინოდალური კომისია იმსჯელებს. ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, ასევე, მამა პეტრე ცაავას შესახებაც.

განჩინებაში, ასევე, საუბარია გარეჯის საქმეზე - სინოდი იმედს გამოთქვამს, რომ დელიმიტაციის პროცესი ისტორიული ტერიტორიების ხელყოფის გარეშე წარიმართება. 

სხდომაზე შეეხნენ ვაქცინაციის თემასაც და მორწმუნეთა აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ დასაშვებად მიიჩნია, თუმცა ანტივაქსერული განცხადებები არ დაგმო.

 


close დახურვა