ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს იმ დელეგაციაში იყოს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, თუ ოპოზიციის დელეგაცია გაემგზავრება, ისინი მის შემადგენლობაში იქნება.
"ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არ არის მართებული ქართული ოცნების დელეგაციაში მონაწილეობა. იმიტომ, რომ რეალურად, იმ გაგზავნილი წერილის შემდეგ, რომელიც გაუგზავნა პაპუაშვილმა სტეფანჩუკს, ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია, რომ ეს მათ დამოკიდებულებას არ შეცვლის. [...]
კარგია, ვინც მიდის, მაგრამ ამ დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან. რაც შეეხება ვიზიტს, მე, რა თქმა უნდა, ჩავალ კიევში, ჩავალ ბევრჯერ, ბევრჯერ ვიყავი აქამდეც", - ამბობს დეკანოიძე.
13 აპრილს მმართველი პარტიის და ოპოზიციის წევრებს შორის პარლამენტში გამართული კონსულტაციების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ხელისუფლება და ოპოზიცია ცალ-ცალკე დელეგაციებად გაემგზავრებიან.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაზე მისი შეთავაზება იყო, რომ როგორც სხვა ვიზიტების დროს, უკრაინაშიც წასულიყო სამი წარმომადგენელი უმრავლესობიდან, სამი - ოპოზიციიდან. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ვიზიტში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა. მოგვიანებით, მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას შესთავაზა, რომ დელეგაციაში ყველა პარტიიდან იყოს თითო წარმომადგენელი.