logo
ENG



დეკანოიძე: თუ ოცნება ლუკაშენკოს გზას დაადგა, რესპუბლიკელები პარლამენტს ლეგიტიმურად არ ცნობენ

11 დეკ 202016:08
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: თუ ოცნება ლუკაშენკოს გზას დაადგა, რესპუბლიკელები პარლამენტს ლეგიტიმურად არ ცნობენ

"თუ არავინ შევიდა პარლამენტში და ქართული ოცნება ლუკაშენკოს გზას დაადგა, რესპუბლიკური პარტია ლეგიტიმაციას პარლამენტს არ მიანიჭებს", - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მოლაპარაკებების დასრულებამდე არ აპირებენ დეპუტატის მანდატზე უარის თქმას.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით "ბლოკში დაპირისპირება არ არის". მანვე იმედი გამოთქვა, რომ "რესპუბლიკური პარტია განმარტავს კიდევ უფრო დეტალურად თავის პოზიციას".

"მთავარი არის ის, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და არ მიანიჭეს დღეს პარლამენტს ლეგიტიმაცია, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობისთვის. იმაში, რომ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის ის გზა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია თავიდანვე, ამაშიც ვეთანხმები რესპუბლიკელებს, მაგრამ ის, რომ თუ არავინ არ შევიდა პარლამენტში და რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ლუკაშენკოს გზას დაადგა და ბიძინა ივანიშვილი დაადგა თავიდან ბოლომდე დიქტატურის გზას, დარწმუნებული ვარ, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას პარლამენტს", - განაცხადა დეკანოიძემ.

რესპუბლიკურ პარტიაში გამოქვეყნებული განცხადებაში წერია, რომ ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებამდე არ მიმართავდნენ. 

რესპუბლიკელების განცხადებამ ბლოკის სხვა წარმომადგენლების მწვავე შეფასებებიც კი გამოიწვია. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები ალეკო ელისაშვლის გზას დაადგნენ. 

რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, მოქალაქეების გარდა, ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია მანდატების გაუქმებასა და სიის დახურვაზე პარლამენტს 14 დეკემბერს მიმართავს. პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. 

ოპოზიციის მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გამოშვება, ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. თუმცა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, ხოლო თუკი 1%-იანი გადაცდომა მაინც დაფიქსირდება ქართული ოცნების სასარგებლოდ, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

მოლაპარაკებების 4 რაუნდის გამართვის შემდეგ, პარტიების უმეტესობას მიაჩნიათ, რომ პროცესი ქართულმა ოცნებამ ჩიხში შეიყვანა და ხელისუფლებისგან მნიშვნელოვანი კომპრომისის მოლოდინი აღარ აქვთ. 

პროტესტის დემონსტრირებისთვის დღეს, 11 დეკემბერს ერთპარტიული პარლამენტის პირველად შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ მანდატების გაუქმების მემორანდუმს მოაწერა ხელი. 


close დახურვა