logo
ENG



დეკანოიძე: კიდევ უფრო მწვავე იქნება საერთაშორისო პარტნიორების ქმედებები

14 მაი 202016:59
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის ანგარიშის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე.  როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები მიქსერის ანგარიშის პროექტის კომენტირებისას აცხადებენ, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე ემუქრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მმართველი გუნდის ქმედებების შეფასება კიდევ უფრო გამწვავდება.

„თუ ხელისუფლება იქცევა უგუნურად, არ ასრულებს შეთანხმებას, რომელიც დადო პოლიტიკურ პარტიებთან, რასაკვირველია კიდევ უფრო მწვავე იქნება არა მხოლოდ ანგარიშები და განცხადებები, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებები. უნდა გვახსოვდეს კარგად, რომ ის, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას არ დაემუქროს საფრთხე, ის, რომ დემოკრატიასა და საქართველოს მოქალაქეების განვითარებას საფრთხე არ დაემუქროს, ამისთვის აუცილებელია, არჩევნებზე ოლიგარქიული ვერტიკალი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არ ანაღვლებს საქართველოს მოქალაქეების ბედი, ჩამოვიცილოთ“, - აცხადებს დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი კი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში მიიღეს პანდემიით დაზარალებული პარტნიორი ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტი, რომელიც კანონის უზენაესობასაც მოიცავს.

„საბოლოო დოკუმენტი ასახავს ყველა იმ წუხილს, რაც დღეს საქართველოს მეგობრებშია. გარდა ამისა, გასულ კვირას უკვე მიღებულ იქნა ბრიუსელში პანდემიით დაზარალებული პარტნიორი ქვეყნებისთვის მაკროსაფინანსო დახმარების პაკეტი და ამ პაკეტში შავით-თეთრზე წერია, რომ დახმარება ასევე გულისხმობს კანონის უზენაესობის სფეროში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად არ გამოყენების შესახებ, მათ შორის გაფორმდა შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს“, - აცხადებს კანდელაკი.

ევროპარლამენტი კრიტიკული ანგარიშის მიღებისთვის ემზდება - ანგარიშის პროექტი უკვე მზადაა და მასში 8 მარტის შეთანხმებაც მოხვდა. 

დოკუმენტს ევროპარლამენტში 19 მაისს, საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილევენ. მთავარი თემა იქნება - "როგორ ასრეულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას". 

სვენ მიქსერის ანგარიშის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე. 


close დახურვა