logo
ENG



დეკანოიძე: მე ამაღამ ვრჩები რუსთაველზე, თუ კარავს გაიტაცებენ, კიბეებზე დავსხდებით

01 ნოე 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ღამით პარლამენტის შენობასთან დარჩენას აპირებს.

დეკანოიძემ კარვის გაშლისას სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ტერიტორიას არ დატოვებს მიუხედავად იმისა, მისცემენ თუ არა კარვების გაშლის შესაძლებლობას.

"მე და ჩემს მეგობრებს გვინდა, რომ პროტესტი ფორმა გვქონდა ასეთი, რაც გამოხატავს იმ აღშფოთებას და გაბრაზებას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა - ეს არის ღამე პარლამენტთან დარჩენა. ეს არის პროტესტის ფორმა, რომლის უფლებაც მე მაქვს როგორც ერთ მოქალაქეს, რომელსაც მოპარეს არჩევნები. გვქონდა ერთი კარავი, მოვიდა პოლიცია და მითხრეს, რომ არ გვაქვს უფლება კარავი გავშალოთ. ვერავითარი არგუმენტაცია ვერ წარმომიდგინეს. კანონი ძალიან კარგად ვიცი, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პროტესტის ფორმა გულისხმობს იმას, რომ მე ამაღამ ვრჩები რუსთაველზე. ვისაც უნდა დარჩება ჩემთან ერთად, ვისაც უნდა წავა. გაიტაცონ კარავი, არაუშავს, კიბეებზე დავსხდებით", - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინა აქციაზე ვითარება დაიძაბა. პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, მომიტინგეებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცოტა ხნის წინ შეძახილებით "წადი! წადი!" მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.


close დახურვა