logo
ENG



დეკანოიძე: მმართველობაში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოვა ერთპიროვნულად, რაც კარგია

23 ოქტ 202315:05
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის ევროოპტიმისტების წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "საქართველოს მმართველობაში ერთპიროვნულად ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოვა".

ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების ყოფილი წევრის, პარტია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "საქართველოში ნაცებისა და ოცნების მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს".

დეკანოიძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების დამარცხებას ოპოზიცია "კოალიციური ხელისუფლებით შეძლებს".

"მე არ მგონია, რომ მომავალ ხელისუფლებაში ვინმე იყოს მონოპოლიური ძალით წარმოდგენილი, არც გახარია, არც ნაციონალური მოძრაობა და არცერთი პოლიტიკური ძალა, რადგან თუ ჩვენ, ოპოზიცია მოვახერხებთ რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება, ეს იქნება კოალიციური ხელისუფლება და კოალიციური ძალები. ამ პოლიტიკური მოცემულობით, რა პოლიტიკური ლანდშაფტიც ახლა საქართველოში ჩვენ გვაქვს, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ერთპიროვნულად ვერ მოვა საქართველოს მმართველობაში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი", - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი გახარიამ დღეს Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ "ამ ქვეყანაში ნაცების და ოცნების მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ამასთანავე, ისინი არ უნდა გაქრნენ და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ".

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნისთვის არის ის, რომ ძალაუფლება ხელში ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ, რადგან დავანახოთ ქართველებს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არ არის", - დაწერა გახარიამ.


close დახურვა