logo
ENG



დეკანოიძე: მძიმე მდგომარეობაში არიან, ეს აისახება კალაძის შემზარავ დამოკიდებულებაში

02 მაი 202415:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/02/pbpy3kunl4bjcgz.jpg

"ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, ეს ჩანს და აისახება სწორედ კალაძის ამ შემზარავ დამოკიდებულებაში" - ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ფორმულას ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

"მინდა გამოვეხმაურო კალაძის შემზარავ დამოკიდებულებას ჟურნალისტების მიმართ. სიმართლე გითხრათ, ქართული ოცნებისგან ნამდვილად არაფერი მიკვირს, არც კალაძისგან, მაგრამ ორ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა. პირველი ის არის, რომ ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და ეს ჩანს და პირველ რიგში, ეს აისახება სწორედ კალაძის ამ შემზარავ დამოკიდებულებაში, არ ვიცი საერთოდ, ეს ადამიანი ფხიზელი იყო, თუ რაღაც სჭირდა, მაგრამ ზოგადად აშკარაა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. და მეორე იცით რა არის, გვერდზე, როდესაც ჟურნალისტს აყენებს შეურაცხყოფას, უდგას დაცვა - ასე არიან ესენი.

გუშინ მაგალითად, ანრი ოხანაშვილი ტრიბუნასთან მანდატურების გარეშე ვერ გამოვიდა, მათ არ შეუძლიათ ქუჩაში სიარული თავისუფლად, ისინი ემალებიან ადამიანებს სპეცრაზმის, პოლიციის უკან, ისევე როგორც კალაძე ემალება საკუთარ მოქალაქეებს დაცვით, არცერთი საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან არ დადის ქუჩაში, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი მოქალაქეებისთვის. ესენი არიან გაზულუქებული, კორუმპირებული ადამიანები, განსაკუთრებით კალაძე, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს ქვეყანაში და ყველაფრის უფლებას მივცემთ - ჟურნალისტების შეურაცხყოფას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან", - თქვა დეკანოიძემ.

თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძე ირწმუნებოდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო გუშინდელ აქციაზე პოლიციის მხრიდან "არც ერთი რეზინის ტყვია არ ყოფილა გამოყენებული", რაზეც ფორმულას ჟურნალისტმა ჰკითხა: "არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?".

ამის პასუხად კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და "თავხედი ნაძირალა" უწოდა.

კალაძემ შეურაცხყოფის შემდეგ კომენტარის გაკეთება აღარ გააგრძელა, ადგილის დატოვების დროს, როდესაც მიკფორონთან ახლოს არ იყო, ფორმულას ჟურნალისტს "*ლექალა" უწოდა და ტერიტორია დატოვა.


close დახურვა