logo
ENG



დეკანოიძე: ოპოზიციაში ალტერნატიული რეზოლუციის მომზადების მოსაზრება არსებობს

26 იან 202219:08
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: ოპოზიციაში ალტერნატიული რეზოლუციის მომზადების მოსაზრება არსებობს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ოპოზიციაში არის მოსაზრება, რომ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუცია მომზადდეს. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამაზე ოპოზიციამ უნდა მოილაპარაკოს.

"ნამდვილად არ გვინდოდა, რომ უკრაინის თემა რაიმე განხეთქილების ამბავი ყოფილიყო. მოვილაპარაკებთ. ჩემი პოზიცია და ჩვენი პოზიციაა ფრაქციაში, რომ საგარეო კომიტეტზე წარვადგინოთ ჩვენი შენიშვნები. საზოგადოებამ დაინახოს რა იყო აქ მთავარი და მნიშვნელოვანი. ასევე პლენარულ სხდომაზე მოვთხოვოთ, რომ რუსეთის ფედერაცია რეზოლუციაში შეტანილ იქნას.

რაც შეეხება ალტერნატიულ რეზოლუციას, ოპოზიციაში ასეთი მოსაზრებაც არსებობს. მაგრამ ჩემი პოზიცია არის ის, რომ უკრაინის თემა განხეთქილების პლატფორმად არ უნდა გადაიქცეს", - ამბობს დეკანოიძე.

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა. ქართული ოცნების მიერ შედგენილ ტექსტში რუსეთი არსადაა ნახსენები, რასაც ოპოზიცია არ დაეთანხმა.

დეკანოიძის თქმით, დოკუმენტის თავდაპირველ ვერსიაში რუსეთი ნახსენები იყო, თუმცა მოგვიანებით ოცნებამ ეს ნაწილი ამოიღო.

მანამდე მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენის მიზნით შეხვედრა გაიმართა. პარლამენტში რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დღეს ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან რეზოლუციის პრინციპებზე შეთანხმდნენ, მათ შორის ნახსენები იქნებოდა რუსეთის აგრესია.


close დახურვა