ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად უნდა იჯდეს ნიკა მელია, რომელიც ახლა დაპატიმრებულია.
ეს მან ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე თქვა.
შეხვედრაზე ოპოზიცია, სავარაუდოდ, განიხილავს საკითხს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი მოლაპარაკებების დროს. ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მათი ნაწილი წინააღმდეგია, ხელისუფლება ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინოს.
ხატია დეკანოიძემ თქვა:
"მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს და მოვლენას, რომელიც გუშინწინ გავრცელდა. შესაბამისად, მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. რიგგარეშე არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი ცალსახა პოზიცია არის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს ნიკა მელია, ჩვენი თავმჯდომარე, რომელიც დაპატიმრებულია". - თქვა მან.
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.
თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება.
მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა.