ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მათთვის მიუღებელია. მისივე თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პირობა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა, ქართულ ოცნებას კი სურს, რომ "არ მიიღოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი".
როგორც დეკანოიძე აცხადებს, სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე, სახალხო დამცველი კანდიდატები კი უნდა წარადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
"ქართული ოცნების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეცვალონ საკანონმდებლო ჩარჩო და სახალხო დამცველის არჩევას ერთი ხელოვნური რგოლი, რომ თუ თურმე ქართული ოცნების შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეარჩიონ და შეაფასონ ის კანდიდატები, რომლებსაც წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები, არის მიუღებელი და ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ, როგორც დესტრუქციასა და საბოტაჟს, მათ შორის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით", - აღნიშნავს დეკანოიძე.
მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. 31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.
ამასთანავე, მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილების შეტანას გეგმავს, რასაც ქართული ოცნება გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის. კერძოდ: პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი იქნება ცვლილება, რომლითაც წელს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურები დადგინდება არსებული წესებისგან განსხვავებულად, რათა ის, რაც პრაქტიკით უნდა დარეგულირდეს, განისაზღვროს სამართლებრივი აქტების მეშვეობით. პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებოდ გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც აღნიშნული პროცედურები დარეგულირდება. 2022 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდება ინფორმაცია პარლამენტის მიერ განაცხადების მიღების თაობაზე. გარდა ამისა, განაცხადების მიღების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის შეფასების სამუშაო ჯგუფს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების პროცედურები დასრულდება არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა. შეფასებები და მასალები შემდეგ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს წარედგინებათ, რომლებმაც, არაუგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა, კანდიდატები უნდა შეარჩიონ და დაასახელონ.