ევროოპტიმისტების წევრი ხატია დეკანოიძე ანტიკორუფციული ბიუროსგან ითხოვს, საზოგადოებას განუმარტონ, თუ რის საფუძველზე შეაჩერეს ოთხი მოსამართლის, მათ შორის, ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის ქონებრივი დეკლარაციების შემოწმება. ამის შესახებ დეპუტატმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
დეკანოიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ოცნება რუსულ კანონს ხელახლა "გამჭვირვალობის" მოტივით აინიცირებს, სასამართლო კლანის წევრებმა მათი ქონების შემოწმება შეაჩერეს, რაც ევროპულ გზაზე სრული საბოტაჟია.
"საქართველოს ისტორიაში პირველად, კორუმპირებული მოსამართლეები, კლანი უარს ამბობს საკუთარი ქონების წარმომავლობის და ზოგადად, საკუთარი დეკლარაციების შემოწმებაზე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ანტიკორუფციული ბიურო სწორედ ქართული ოცნების პირობებში შეიქმნა. არ არის დამოუკიდებელი და მასაც კი უარს ეუბნებიან დეკლარაციების შემოწმებაზე. ანუ, კლანი ღიად, საჯაროდ საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის ხარჯზე უარს ამბობენ საკუთარი დეკლარაციების შემოწმებაზე.
ამჯერად, მაშინ, როდესაც ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ ჩვენი ევროპული მომავლის და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, მაშინ, როცა საქართველოს მომავალი უნდა იყოს და არის განსაზღვრული კონსტიტუციით, ხელისუფლება, ქართული ოცნება და სასამართლო მიგვათრევს წარსულში. ამიტომ, იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ დღეს გვაქვს რუსული კანონმდებლობა დაინიცირებული პარლამენტში, თან "გამჭვირვალობის" საფუძვლით, მაინტერესებს კითხვებზე პასუხი ანტიკორუფციული ბიუროსგან და საჯაროდ ვუსვამ ამ კითხვებს, პირველი, მოგვაწონონ და მიაწოდონ საზოგადოებას მოსამართლეთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელები, ის სარჩელები, რის საფუძველზეც აღარ ეძლევათ უფლება, რომ 4 მოსამართლის დეკლარაციები შეამოწმონ.
მოგვაწოდონ ანტიკორუფციული ბიუროს საჯარო პასუხი ამასთან დაკავშირებით, თუ რატომ, რის საფუძველზე, რა განჩინების საფუძველზე შეჩერდა დეკლარაციების შემოწმება ამ მოსამართლეების და ასევე, საჯაროდ, მედიასა და საზოგადოებას მიაწოდონ, თუ რა სტრატეგია აქვს ამ შემთხვევაში ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოში საკუთარი პოზიციების დასაცავად. გაასაჩივრა თუ არა აღნიშნული აქტი, როცა კლანის წევრების დეკლარაციების შესწავლა შეჩერდა და აპირებს თუ არა ამ უკანონო, არასამართლიანი და არაევროპული გადაწყვეტილების მიუხედავად, საკუთარი პოზიციები კვლავ დაიცვას", - განაცხადა დეკანოიძემ.
***
"5 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხმა მოსამართლემ, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ, სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციულ ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმება შეაჩერეს. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აღნიშნავს, რომ ეს არ არის ანტიკორუფციული მექანიზმების შესაფერხებლად მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების პირველი შემთხვევა.