ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ისნის N5 საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ისიც დააკავონ.
დეკანოიძის თქმით, საზიზღარი და ამორალურია ის ბრალდება, რომლითაც კომისიაში ნაციონალური მოძრაობის ორი წარმომადგენელი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს.
"საზიზღარი ბრალდებით დააკავეს, უახლესი მეგობრის გარდაცვალება დააბრალეს ამ ადამიანს. ახლა აღმოჩნდა, რომ მოწებება უნდათ ამ ამორალური ბრალდების და პროპაგანდის ჩემთვის ან ჩემი პარტიისთვის. ამიტომ მე არაფერს გამოვრიცხავ.
დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს და ისეთ მიტაცებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი", - ამბობს დეკანოიძე.
დღეს პროკურატურამ თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება დაასრულა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც, მათი მტკიცებით, "ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, თ.გ-ს ემუქრებოდნენ, მათ შორის, იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თ.გ-ს დააპატიმრებდნენ".
გასაჯაროვებული მტკიცებულებები Whatsapp-ის მიმოწერების სურათებია, სავარაუდოდ, ბრალდებულებს და ერთ-ერთ ბრალდებულსა და გობეჯიშვილს შორის.
პროკურატურას არ გამოუქვეყნებია ქრთამის შეთავაზების და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებასთან დაკავშირებული არცერთი მტკიცებულება, თუმცა უწყებაში ამტკიცებენ, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში, სხვა მტკიცებულებებიც მოიპოვეს.
საქმეზე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 ნოემბერს შეუფარდა.
პროკურატურამ კობალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ხუსვიკაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" წარუდგინა.
ნაციონალურ მოძრაობაში ოცნების ამ ბრალდებებს ამორალური უწოდეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს.
მმართველი პარტიის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ ბრალდებები ოპოზიციის პროტესტის, მათი მხრიდან არჩევნების მასობრივად გაყალბებაზე საუბრის და საპროტესტო აქციისთვის სამზადისის ფონზე გაისმა.
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.