ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ გახარიას ოპოზიციაში ადგილის მოპოვება სურს, მას ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
როგორც დეკანოიძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, გახარიას სახელი ბევრ კანონდარღვევასთან ასოცირდება.
"არ არსებობს არც ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ამ ადამიანმა მოიყვანა...კონკრეტულად - "გახარია ივანიშვილის პროექტია", "გახარია ცალკე პროექტია", "გახარია დამოუკიდებელი პროექტია" - ერთადერთი ეს ადამიანი არის რუსეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა რუსეთში. იმ შემთხვევაში, თუ მას ენდომება რომ რაღაცნაირად ქართული ოცნების ოპოზიციაში მოიპოვოს ადგილი, ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მაგალითად: რა მოხდა 20 ივნისს, ვინ გასცა უშუალოდ ბრძანება, თუ თვითონ გასცა როგორ გასცა, ვინ იყო უშუალოდ შემსრულებლები, რატომ არ დაისაჯნენ ისინი, ვის დავალებას ასრულებდა თვითონ, ვინ მოკლა ია კერზაია, ვინ მოიტაცა აფგან მუხთარლი - ძალიან ბევრი კითხვაა. ბევრი ადამიანისთვის ის ამ კონტექსტში განიხილება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დღეს მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა ჭორის მიუხედავად ის წასვლას არსად აპირებს, პოლიტიკაში რჩება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარაიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ღონისძიებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა