logo
ENG



დეკანოიძე და კორძაია აკადემიურ წრეებს UG-ისა და Freeuni-ის მიმართ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ

15 მარ 202312:30
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ, ქართული ოცნება საქართველოს უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს თავს ესხმის და ცდილობს, რომ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გააქროს.

თამარ კორძაიამ და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდეს უნივერსიტეტებსა და აკადემიურ წრეებსა, გამოიჩინონ სოლიდარობა ამ ორი უნივერსიტეტის მიმართ.

"ჩვენ დავინახეთ, რომ პირველ რიგში საქართველოს უნივერსიტეტზე და მერე თავისუფალ უნივერსიტეტზე თავდასხმით ქართული ოცნება ცდილობს, კიდევ ერთხელ შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები ნამდვილად ცდილობენ მიიღონ განათლება და ეზიარონ დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს შეტევა მიზნად ისახავს სწორედ ამ თავისუფალი ადამიანების გაქრობას ამ ქვეყანაში. მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტს, გამოიჩინონ სოლიდარობა ამ უნივერსიტეტებთან მიმართებით, თუ დღეს ჩვენ გავჩუმდებით, ხვალ ყველა უნივერსიტეტს მიადგება ეს ხელისუფლება"- თქვა თამარ კორძაიამ.

დეკანოიძის შეფასებით, მმართველი პარტიისთვის განათლებული, პატრიოტი და თავისუფალი ახალგაზრდები საფრთხეს წარმადგენენ.

"ყველა ის ახალგაზრდა და საქართველოს ახალგაზრდები ყოველთვის იქნებიან დემოკრატიის და საქართველოს მომავლის სადარაჯოზე. ეს დაამტკიცა იმ პროტესტმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. განათლებული და ძალიან პატრიოტი თაობა, ის ადამიანები, ვინც სწავლობენ და თან მუშაობენ, როგორც ჩანს, არის ძალიან დიდი საფრთხე ხელისუფლებისთვის და ამ ხელისუფლების პირველი ნაბიჯი პროტესტის შემდეგ იყო პირდაპირ დარტყმა განათლებაზე, უნივერსიტეტებზე. ეს არის ზუსტად მათი შემდეგი ნაბიჯი - ახალი რუსული კანონების პარალელურად, განათლებაზე დარტყმა. ყველა ჩვენგანი, არა მხოლოდ განათლების სფეროში, ყველა ადამიანი უნდა იყოს სოლიდარული სტუდენტების, უნივერსიტეტების, პროფესორების და იმ სივრცეების, სადაც ახალგაზრდები თავისუფალ გარემოში იღებენ ცოდნას. არავითარი რეპრესიების საშუალებას არ მივცემთ ოცნებას"- აღნიშნა დეკანოიძემ.

რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ, მმართველი პარტია აქტიურად ესხმის თავს სტუდენტებსა და ახალგაზრდების.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავისუფალ უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლებს უნივერსიტეტები "1 ლარად აქვთ მითვისებული".

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ ფრანკლინის კლუბის წევრები "უცხოური აგენტები" არიან, კლუბი კი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების "რეკრუტირებას" ახორციელებს.

მმართველი პარტიის წევრების განცხადებების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტმა კობახიძისა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.


close დახურვა