პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთი ფრენების განახლებასა და სავიზო რეჟიმის განახლებაზე ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანხმდა.
დეკანოიძე ამბობს, რომ ეს განცხადება ქართული ოცნებისა და კრემლის პირდაპირ კავშირზე მიუთითებს.
"როგორც დღეს აღმოჩნდა, ლავროვის ხელისუფლებას, კრემლს პირდაპირი კავშირი აქვს ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან, რაც არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და FSB-ს სხვა აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს ერთადერთ პლატფორმად რეგიონში რუსეთისთვის. იცით, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ რუსეთის გავლენა რეგიონში პრაქტიკულად ძალიან შემცირებულია", - თქვა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
***
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. კერძოდ, ლავროვი ამბობს, რომ ქართული ოცნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.
როგორც ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა, უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს უფრო კომფორტულს ხდის.