logo
ENG



ლავროვი: ოცნება დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით, მთავრობასთან შევთანხმდით ფრენებზე

28 სექ 202311:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/gmff0lkz2kxjys7.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. კერძოდ, ლავროვი ამბობს, რომ ქართული ოცნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.

როგორც ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა, უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს უფრო კომფორტულს ხდის.

ლავროვი ურთიერთობების დაძაბვაში კვლავ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და ანტიდასავლური რიტორიკის გამოყენებით ამბობს, რომ "სააკაშვილმა აშშ-ის წახალისებით ხელი აწია საკუთარ მოქალაქეებზე".

"დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, რომლებსაც თავის მოქალაქეებად მიიჩნევდა და აწია ხელი მშვიდობისმყოფელებზეც. და როცა ღირსეული პასუხი მიიღო [ჩვენგან], თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო. ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.

როცა დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან ჩასვლა, როგორც ტურისტებს, სურთ ბიზნესის კეთება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და სავიზო რეჟიმი გავაუქმეთ, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის. იზრდება ფრენების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. აქ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა", - თქვა ლავროვმა.


close დახურვა