logo
ENG



დეკანოიძე ლუკაშენკოს ვიზიტზე: საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია

29 სექ 202214:14
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, რომელიც არღვევს საერთაშორისო პრინციპებს.

დეკანოიძის თქმით, ეს ვიზიტი წარმოადგენს ფაქტს, რომ "საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაწარმოები დათბობის პოლიტიკა რუსეთთან საერთოდ არაფრის მომტანია".

დეკანოიძემ ჩამოთვალა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ბელარუსთან და პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მიმართებაში და მოუწოდა მმართველ გუნდს, დაუყოვნებლივ შეუერთდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვისა და ბელარუსისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

"დიქტატორის ჩასვლა იქ და ე.წ მოლაპარაკებების გამართვა, რა თქმა უნდა, არის ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ხაზგასმით წარმოადგენს ასევე იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაწარმოები დათბობის პოლიტიკა რუსეთთან საერთოდ არაფრის მომტანი არ არის, ვინაიდან ლუკაშენკო, ბელარუსის დიქტატორი, არის ადამიანი, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებას.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა და მკაცრი გაფრთხილებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შეეჩერებინა და მათ შორის, ძალიან მკვეთრი და მკაცრი პოლიტიკა ჰქონოდა უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მიმართ. ახლა, დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში. რა უნდა გაკეთდეს:

  • სასწრაფოდ უნდა მოხდეს დიქტატორული ლუკაშენკოს სახელმწიფოდან ელჩის გამოწვევა
  • საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება - ეს უნდა იყოს გამოყენებული როგორც არაღიარების მიმართულებით გადადგმული ძალიან მწვავე ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც პრაქტიკულად შეჩერებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე ლუკაშენკოს მიერ შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით და მის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები
  • უნდა შეწყდეს ავია გადაზიდვები, პირდაპირი ფრენები. წარმოუდგენელია დიქტატორულ სახელმწიფოსთან, სახელმწიფოსთან, რომელიც ოკუპირებულია ლუკაშენკოს და პუტინის ჯარის მიერ, წარმოებდეს ფრენები და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში უნდა იყოს ზუსტად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ვინაიდან ყველამ კარგად გაიგო, რომ რუსეთთან დათბობის პოლიტიკა არ მუშაობს და ნებისმიერ შემთხვევაში, დიქტატორის შეჩერება დათბობით მხოლოდ და მხოლოდ უკუშედეგს იძლევა და არ დაავიწყდეს არავის, პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ დიახ, ლუკაშენკო პუტინის გაგრძელებაა, იგი დამოუკიდებლად არ მოქმედებს, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ საერთაშორისო სანქციებს უნდა შეუერთდეს, მათ შორის უკრაინასთან რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, რომელიც დაწესებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ. ჩვენ არ ვითხოვთ ცალკე სანქციებს, ვითხოვთ იმ სანქციებთან მიერთებას, რომელიც მათ შორის, ბელარუსის და ლუკაშენკოს წინააღმდეგაა დაწესებული", - თქვა დეკანოიძემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

 


close დახურვა