logo
ENG



დეკანოიძე მელიას პროკურატურაში დაბარებაზე: ესაა უშუალოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება

05 თებ 202112:00
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მისივე პარტიის თავმჯდომარის პროკურატურაში დაბარებას "პოლიტიკურ დევნად" აფასებს და ამ პროცესს "პოლიტიკურ მართლმსაჯულებას" უწოდებს. 

"პროკურატურას, ამ პოლიტიკური დევნის პირობებში, ნამდვილად ყოველთვის ახასიათებს ხოლმე უტიფრობა, თავხედობა და აბსურდულობა,  მე მსგავსი აბსურდული განცხადება იშვიათად მომისმენია ამ პროკურატურისგანაც კი. 

ეს დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან, პირველი, ესაა უშუალოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა პოლიტიკური პარტიის ლიდერების მიმართულებით გრძელდება და გარდა ამისა, გრძელდება ყველა იმ ადამიანის მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებულ წინაღობას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

დღეს, 5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს.

ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ბრალდებული ოპოზიციონერი საგამოძიებო უწყებაში. 

პროკურატურის განცხადებით, ნიკა მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა.

ასევე, პროკურატურში ამბობენ, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. 

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს, რაზეც მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა