logo
ENG



დეკანოიძე სააკაშვილზე: სუსტად, მაგრამ გამორჩეულად მხნედ არის

02 ნოე 202116:02
3 წუთის საკითხავი
clock 952

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ ციხეში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოიძის თქმით, სააკაშვილი სუსტად, თუმცა გამორჩეულად მხნედ არის.

"სუსტად არის, რა თქმა უნდა, ეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა, მაგრამ გამორჩეულად მხნედ არის. მე მართლა გაკვირვებული ვარ, იმდენად მხნედაა და იმდენად ნებისყოფით და შემართებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის რომ ამდენი დღეა შიმშილობს, სახის ფერზეც და ზოგადად სისუსტეზე აისახება, მაგრამ მხნედაა და აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ყოველდღიურობაში", - თქვა დეკანოიძემ.

მისივე განცხადებით, იზიარებს სააკაშვილის პოზიციას, რომ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და ვადამდელი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში დადგომისას, მივიდნენ და მხარი დაუჭირონ. გარდა ამისა, დეკანოიძის თქმით, მნიშვნელოვანია მანდატი იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხეში მოინახულონ.

სააკაშვილი 33-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს ენმ-ს წევრებმა: ანი წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ და ნონა მამულაშვილმა. პარლამენტი დატოვა ზურაბ ჯაფარიძემაც.

მანამდე, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. 


close დახურვა