ხატია დეკანოიძის განცხადებით, ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმა იმ აგრესიის გაგრძელებაა, რაც სამთავრობო ტრიბუნებიდან ისმის კრიტიკული მედიის მიმართ.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა განმარტა, ქართული ოცნების წევრები თავად გამოირჩევიან კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიით, რაც ახალისებს პოლარიზაციას. ხატია დეკანოიძის თქმით, ამასე ემატება ორმაგი სტანდარტი მართლმსაჯულების სისტემაში და დაუსჯელობის სინდრომიც.
„ეს არის სახელმწიფოს მიერ გავრცელებული სიძულვილის ენის შედეგი, რომლითაც გამოირჩევა ქართული ოცნება და ყველა ის მაღალჩინოსანი, რომელიც ძალიან დიდი აგრესიითა განწყობილი კრიტიკული მედიის მიმართ. მათ არ უნდათ კრიტიკული აზრის მოსმენა და კომფორტულად არიან, როცა სამთავრობო მედიის კითხვებს პასუხობენ.
ეს აგრესია არის იმის გამოხატულება, რომ ორმაგი სტანდარტია მართლმსაჯულებაში და არავის სჯიან. კრიტიკული დამოკიდებულების გამო ახალისებენ ძალადობას და იმ ადამიანების, მედიის მიმართ, მათ შორის თქვენ მიმართ, რაც გამოიხატება ჟურნალისტებზე თავდასხმაში. ჩემი სოლიდარობა ფორმულას. ჩვენ გვახსოვს ბევრი შემთხვევა, როცა აგრესია იფრქვეოდა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.