logo
ENG



დელეგაცია არ იმყოფებოდა უბრალოდ მაგ პერიოდში ევროპის საბჭოში - ჩიქოვანი რეზოლუციაზე

29 აპრ 202314:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/29/2ybao03kkubtnym.png

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი "წმინდა წყლის სიცრუესა და ნახევარდღიან ტყუილს" უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ის გუნდის წევრების მსგავსად, ამას იმ არგუმენტით ხსნის, რომ დელეგაციის წევრები იმ დროისთვის ადგილზე "უბრალოდ" არ იმყოფებოდნენ.

"ის განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, არის წმინდა წყლის მანიპულაცია, მავნებლობა არა ქართული ოცნების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, დელეგაცია არ იმყოფებოდა უბრალოდ მაგ პერიოდში ევროპის საბჭოში, დელეგაციას მხარი აქვს დაჭერილი ამ რეზოლუციისთვის საკომიტეტო მოსმენებზე.

ისევე, როგორც საქართველოს დელეგაციას, ასევე, არ აქვს ამ რეზოლუციისთვის - თუ კარგად ჩაიხედავთ - დაჭერილი 20-ზე მეტ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელ საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ დეპუტატებს, მათ შორის გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ესტონეთს, საბერძნეთს. რა ვქნათ, ვივარაუდოთ, რომ ეს სახელმწიფოები არ უჭერენ მხარს უკრაინას? ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, ნახევარდღიანი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ ყურადღების მიპყრობას", - განაცხადა მან.

28 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუციით განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით უკანონო დეპორტაციასა და მათ "რუსიფიკაციაში" გენოციდის ნიშნები იკვეთება. 

რეზოლუციის მიხედვით, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია, "ცხადად იგეგმება და ორგანიზდება სისტემური გზით", როგორც სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი და მისი მიზანი "ბავშვების უკრაინული იდენტობის ყველა კავშირისა და მახასიათებლის გაქრობაა"

PACE-ს რეზოლუციის მიღებაში ქართული დელეგაციის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მასში არ მონაწილეობდნენ არც ოპოზიციის წარმომადგენლები. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ მმართველი პარტიის წევრების ოფიციალური ვიზიტი გუშინ წინ დასრულდა, ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, რის გამოც კენჭისყრას ვერ დაესწრნენ.


close დახურვა