logo
ENG



დეპუტატები გაურბიან ხალხს - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს

05 თებ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე დაარტყეს და ამ ფორმით გააპროტესტეს შექმნილი სიტუაცია. ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილ მომიტინგეებს მიდმებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტებიც შეუერთდნენ. 

როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, დეპუტატები არ უსმენენ ხალხს და გაურბიან პროტესტს, ამიტომაც მომიტინგეები თავად მიუახლოვდებიან ბიუროს სხდომაზე მსხდომ კანონმდებლებს.

"ჩვენ ახლა გადავალთ იმ მხარეს, სადაც ბიუროს სხდომა იქნება. რადგან დეპუტატები გაურბიან ხალხს, ხალხი მივა დეპუტატებთან და შევახსენებთ, რომ დეპუტატების არჩეულები არიან. მონაზე უარეს მდგომარეობაში არიან - მათ თვითონ გადაწყვიტეს დამონება. ვერსად დაემალებიან ხალხს", - აცხადებს გიგი უგულავა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს ხალხის შეურაცხყოფა და მმართველი ძალა მოეგოს გონს.

„ეს არის პირველი აქცია მას შემდეგ, რაც ივანიშვილის კლოუნებმა დაიწყეს მუშაობა. ასეთი აქცია იქნება ბევრი, სანამ არ მოეგებიან გონს. ზალკალიანს მიუცია გარანტიები და ველოდებით, რა იქნება. ტონი შეიცვალაო და რა ტონი შეიცვალა, სიტუაცია არ იცვლება, ფაქტები იგივეს ამბობს. წაიღოს ივანიშვილმა შეურაცხყოფა და შეწყვიტოს უტიფარი ტონით საუბარი“, - ამბობს გიგა ბოკერია.

თანაგუნდელებს ეთანხმება გიორგი კანდელაკიც და ამბობს, რომ წნეხი „ქართულ ოცნებაზე“ გაიზრდება. გიორგი კანდელაკის განცხადებით, გამოსავალი მხოლოდ ივანიშვილის მხრიდან პოზიციების დათმობაშია.

„ჩვენი და საზოგადოების სათქმელი მარტივია - ეს წნეხი არ შესუსტდება და ასეთი აქცია იქნება ბევრი. გამოსავალი არ არსებობს გარდა იმისა, რომ ივანიშვილი წავიდეს დათმობაზე",  - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პარტია „ლელოს“ წევრები კი ფიქრობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წამოსული წნეხი მხოლოდ ოცნების წინააღმდეგ მუშაობს და აზიანებს მას. სწორედ ამიტომ, საბა ბუაძის თქმით, მმართველმა ძალამ უნდა გადადგას საპასუხო ნაბიჯი და დაუბრუნოს ხალხს პროპორციული არჩევნები.

„ოცნებას უნდა გავაგონოთ, რომ ამ კრიზისს ჰყავს ერთი შემოქმედი, ივანიშვილი და მათ ხელშია გამოსავალი. პროტესტი არის ლეგიტიმური და ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს. იზრდება წნეხი საერთაშორისო საზოგადოებისგან, ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს ქვეყანას და საპასუხო ნაბიჯი უნდა გადმოდგას ოცნებამ", - ამბობს საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა გახდებოდა სრულად პროპორციული. მას შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები პიკეტირებითა და საპროტესტო აქციებით მოითხოვენ, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ მიღებული დაპირება შესრულდეს და 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.


close დახურვა