logo
ENG



დეპუტატებს აქვთ საკმარისი ხმა, რომ მაჩალიკაშვილის ინიციატივა არ ჩავარდეს - გოცირიძე

02 თებ 202016:56
3 წუთის საკითხავი
 

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი ვარაუდობს, რომ მაჩალიკაშვილის მორიგი ინიციატივა პარლამენტში საკმარის ხმას ვერ მოაგროვებს, მისი თქმით, ამის მზადყოფნა არ არის იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს. თამთა მიქელაძის თქმით, მერიას არ აქვს არანაირი უფლება მაჩალიკაშვილს შეუზღუდოს ბანერის დადგმა პარლამენტთან.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ვახა მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ ზოგადად პროტესტის დასუსტებისთვის, იმიტომ რომ ეს სივრცე არის პოლიტიკური პროტესტების ეპიცენტრი. მოვისმინეთ იმ დეპუტატების განცხადებები, რომლებმაც დატოვეს ქართული ოცნება, მაგრამ ისინი ამ პროცესზე მაინც პრობლემურ პოზიციას ინარჩუნებენ და მათ შორის მათგან გაკეთდა მითითება იმის შესახებ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ საკითხის პოლიტიზირებას გამოიწვევს, მათ შორის წინასაარჩევნო კონტექსტში, თუმცა ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას “, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მაჩალიკაშვილი საკმაო რაოდენობის ხელმოწერის შეგროვებას შეძლებს. რაც შეეხება კანონმდებლების მხარდაჭერას, ოპოზიციის ინფორმაციით, შესაბამისი კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაბის“ წევრი, რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ პარლამეტში 50 ღირსეული ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პარლამენტში აღმოჩნდება 50 ღირსეული ადამიანი და მხარს დაუჭერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციასა და უმრავლესობიდან გამოსულ დეპუტატების ერთობლიობას აქვს საკმარისი ხმა იმისათვის, რომ ეს დადგენილება არ ჩავარდეს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“  წევრის, ლელა ქებურიას თქმით, ევროპული საქართველოს პოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით უცვლელია. მისი თქმით, პარტიის პოზიცია ასეთია: ნებისმიერ საქმეზე, რომელზეც არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ გამოძიება მიზანმიმართულად არ იძიებს საქმეს, აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„ევროპულ საქართველოს თავისი პოზიცია მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაცხადებული აქვს არა მარტო მაჩალიკაშვილის, არამედ ყველა იმ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ლეგიტიმური ეჭვი. თუ გამოძიებამ თავისი ფუნქცია მიზანმიმართულად არ შეასრულა, უნდა იქნეს გამოყენებული საპარლამენტო კომისიის ბერკეტი“, - განაცხადა ლელა ქებურიამ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერების შეგროვების განახლებას აპირებს. ის კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი შვილის მკვლელობის გამოსაძიებლად დროებითი კომისია შეიქმნას.

 


close დახურვა