ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მისივე გუნდის მინისტრობის კანდიდატების მოსმენამდე ამბობს, რომ მათთან ექნება "მწვავე კითხვები", იმაზე, თუ როგორ გეგმავენ პანდემიასთან გამკლავებას. დღეს, 21 დეკემბერს პარლამენტში მტავრობის დამტკიცების პროცედურა დაიწყო.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლა, რომ მთავრობის დამტკიცების დროს მოვისმინოთ კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროგრამა, კონკრეტული გეგმა, როგორ აქვთ გაწერილი, ამ პანდემიის ჟამს სიტუაციიდან გამოსვლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მწვავე კითხვებიც იქნება, როგორ გეგმავენ ისინი, რომ გაუმკლავდნენ ამ პანდემიას. როგორ გააკეთებენ იმას, რომ ხვალ და ზეგ ჩვენმა მოსახლეობამ გაცილებით უკეთ იგრძნოს თავი", - ამბობს ზარქუა.
დღეს ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომა იმართება, სადაც თავიანთ გეგმებს მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი და ივანე მაჭავარიანი წარადგენენ.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. მათმა უმეტესმა ნაწილმა საარჩევნო სიების რეგისტრაცია გააუქმა და მანდატებზეც უარი თქვა.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს, ესენია:
- ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში;
- პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება;
- ასევე, ერთ-ერთი შეთავაზებაა რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარება.
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, X მოწვევის პარლამენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.