პარლამენტის დეპუტატი აზერ სულეიმანოვი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მარნეულში ინფიცირებული ქალის ოჯახში 15 ადამიანი ცხოვრობს.
სულეიმანოვის თქმით, კარანტინის გამოცხადება სწორი გადაწყვეტილებაა.
„ჩემი ინფორმაციით, ოჯახში 15 ადამიანი ცხოვრობს. ძმისშვილები, და, ძმა და შვილიშვილები, ოჯახში მუდამ ბევრი ხალხია. თუმცა, ახლა კარანტინი გამოცხადდა. ნერვიულობს ხალხი“, - განაცხადა სულეიმანოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა.
საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, რომ ბოლნისი და მარნეული მკაცრი კარანტინის რეჟიმში გადადიან.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 54 პირი დაინფიცირდა. მათგან 3 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3254 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 233 ადამიანი.