პოლიციელი, რომელმაც ლევან იზორიას ძმის სამართალდამცველებთან დაპირისპირების კადრები გაავრცელა, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება და მას შეურაცხმყოფელს უწოდებს. გიორგი დვალიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა კონკრეტულად მას კი არა, მთელ პოლიციას მიაყენა შეურაცხყოფა.
„ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელიც არის გაუნათლებელი, რომელმაც არ იცის რა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მე კი არ მომმართავს, როგორც გიორგი დვალიშვილს, მე ვარ პოლიციელი, ჩემი ფორმა წარმოადგენს სახელმწიფოს და მინისტრი ამბობს, რომ მუნდირის გახდა არაფერი არ არის. მე არ ვმუშაობდი პოლიციაში, სადაც მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას", - აცხადებს გიორგი დვალიშვილი.
გომელაურის განცხადებას ეხმაურებიან არასამთავრობო სექტორშიც. მიხეილ ბენიძის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან.
„ჩვენ ვხედავთ, რომ თუ პოლიციასთან კონფრონტაციაში შედის აქციის მონაწილე, ის ისჯება. მაგრამ იგივე ფაქტებში თუ არიან შემჩნეული ოცნებასთან დაახლოვებული პირები, ამაზე არ აქვთ სათანადო რეაგირება“, - აცხადებს მიხეილ ბენიძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ სისტემური პრობლემები ნამდვილად არსებობს და იზორიას ძმის შემთხვევაც ამას გვიჩვენებს.
„მინდა დავეთანხმო მინისტრს, რომ უარესები ნამდვილად ხდება სისტემაში. რაც შეეხება იზორიას ძმასთან დაკავშირებულ შემთხვევას - თუ ვინმე სარგებლობს გავლენით და ამის გამო იცვლება გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“, - ამბობს სულხან სალაძე.