ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები სისხლში გლუკოზის დონის დასადგენი სპეციალური სენსორული აპარატების შეძენის მოთხოვნით აქციას მართავენ.
საუბარია ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე 1 300 არასრულწლოვანზე, ვისაც სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. შესაბამისი ე.წ CGM (გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის) აპარატების შესაძენად სამინისტროს ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია, რის გამოც ბავშვებს დღეში რამდენჯერმე უწევთ თითზე ჩხვლეტით გლუკოზის დონის გაგება.
მშობლებმა გასულ წელს ამ აპარატების შეძენის მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს და მიაღწიეს ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას. ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აპარატების შესაძენად თანხა გამოყოფილია, თუმცა ამ დრომდე ტენდერი არ გამოცხადებულა.
დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს ბიუროკრატიულ გულგრილობაში ადანაშაულებენ.
„აქამდე არ უნდა მისულიყო ეს პრობლემა. გამოყოფილია თანხა 1 300 არასრულწლოვანი ბავშვისთვის, ვინც ოფიციალურადაა დარეგისტრირებული. იანვარში უნდა დარიგებოდათ ეს აპარატები და ამ წუთამდე ჯერ კიდევ ტენდერიც არაა გამოცხადებული. ამ გულგრილობაზეა ლაპარაკი.
ტენდერი აქამდე უნდა ყოფილიყო, იანვრამდე ყველაფერი მოგვარებული უნდა ყოფილიყო და იანვარში გადმოეცათ ეს აპარატები. როგორც ვიცი გამოყოფილია 6 მილიონი ლარი და რა გახდა 1300 ბავშვისთვის აქამდე რომ ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი, გიორგი მამგუაშვილი.
CGM სისტემა ევროპის არაერთ ქვეყანაში დიდი ხანია გამოიყენება. მშობლების თქმით, სენსორი მკლავზე მაგრდება და 2 კვირის განმავლობაში ზომავს სისხლში გლუკოზის დონეს და პროცესის მიმდინარეობას. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვს შაქრის დონის დასადგენად არ ჭირდება ჩხვლეტა, რითაც ყოველდღიური ტკივილისა და დისკომფორტის არიდების გარდა, მარტივდება კონტროლის პროცესი და შაქრის დონის დაწვის შემთხვევაში სწრაფი რეაგირებაც ხდება შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრი ახლა მშობლების ნაწილს ხვდება.