logo
ENG



დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის სამკურნალო პირველი აბი დაამტკიცეს

04 ნოე 202116:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/04/87j9eqxor9mjjcv.jpg
healtheuropa.eu

დიდ ბრიტანეთში, მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ დაამტკიცა პირველი აბი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომებს კურნავს. ინფორმაცია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე ვრცელდება.

ლაგევრიო, იგივე მოლნუპირავირი, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი მედიკამენტია, რომლის მიღებაც სახლში, ტაბლეტის სახით, პირის ღრუდან შეიძლება და არა მაგალითად, ინექციის გზით.

 

"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, რადგან დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაამტკიცა ანტივირუსული მედიკამენტი, რომლის მიღებაც კორონავირუსის სამკურნალოდ სახლშიც შეიძლება" , - ამბობს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მდივანი საჯიდ ჯავიდი.

 

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტი ვერ ჩაანაცვლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

წამალმა ავტორიზაცია მიიღო რისკ ჯგუფებისთვის, როგორიცაა 60 წელს გადაცილებული პაციენტები და დაავადებები - სიმსუქნე, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები. კორონავირუსით დაავადებულ მოწყვლად ჯგუფებს მედიკამენტს დღეში ორჯერ მისცემენ.

ცდებმა აჩვენა, რომ მოლნუპირავირი კურნავს გრიპის სიმპტომებს, ასევე, ნახევრამდე ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკებს.

მედიკამენტი ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს, რადგან აბში შემავალი ნივთიერება მიზანში იღებს და ანადგურებს კორონავირუსის იმ ფერმენტს, რომელსაც ვირუსი საკუთარი ასლების შექმნისთვის იყენებს. 

მოლნუპირავირის შემქმნელი ფარმაცევტული კომპანია Merck მიიჩნევს, რომ მედიკამენტი ეფექტური იქნება კორონავირუსის ყველა იმ ვარიანტის წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება მომავალში გამოჩნდეს.

მედიკამენტის ეფექტურობა ყველაზე მაღალი დაავადების ადრეულ სტადიაზეა. ექიმების რეკომენდაციით, აბის მიღება სასურველია კორონავირუსის დადასტურებიდან, რაც შეიძლება მალე.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა და ჯანდაცვის უწყება მუშაობენ, რომ წამალი უფრო დეტალურად შეისწავლონ და მისი გამოყენება ქვეყნის გარეთაც გახდეს შესაძლებელი.


close დახურვა