logo
ENG



დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს

30 მარ 202210:27
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამის შესახებ გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.

ვუდვორდის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა გააკეთოს ყველაფერი უკრაინაში ომის დასრულებისთვის და შეასრულოს როლი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაშიც, თუ კიევიდან შესაბამისი თხოვნა იქნება.

"ჩვენ გვინდა გავუწიოთ უკრაინას ყველა შესაძლო დახმარება ომის დასრულებისა და რუსეთის ჯარების გაყვანის მიზნით, ჩვენ მოხარულები ვიქნებით ჩვენი როლი შევასრულოთ ამ კუთხითაც, თუ ამას უკრაინის ხელისუფლება გვთხოვს", - ამბობს ვუდვორდი.

მსგავსი პოზიცია გამოთქვა ბორის ჯონსონის პრესმდივანმაც. მან არ გამორიცხა, რომ ბრიტანეთმა თურქეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორის როლი შეასრულოს.

გუშინ, 29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.  

უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.


close დახურვა