კორონავირუსის პანდემიისა და დაავადებასთან ბრძოლის პარალელურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ეკონომიკის გადარჩენას ცდილობენ. დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვირტუალურად გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ გლობალურ ეკონომიკაში 5 ტრილიონ დოლარს ჩადებენ.
შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. იზრდება ვირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობაც. მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 495 ათასს უახლოვდება, დაღუპულთა რაოდენობამ კი 119 ათასს გადააჭარბა.
პროზექტურად გადაკეთებულ მადრიდის ყინულის მოედნის ტერიტორიაზე დღეს რამდენიმე სატვირთო მანქანა შევიდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ესპანეთში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი პირველად შემცირდა, თუმცა იტალიის შემდეგ ქვეყანაში კვლავ ყველაზე მძიმე ვითარებაა. ბოლო 24 საათში ესპანეთში ვირუსს 655 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა. მადრიდის საკონფერენციო ცენტრში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დღეს ესპანეთის მონარქმა მოინახულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღიარებენ, რომ ყოველი 10 ინფიცირებულიდან ერთი მედიკოსია. ამიტომ იტალიაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში რისკ ჯგუფებისთვის საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დარიგება მოხალისეებმა დაიწყეს. მათ შორის არიან ისინიც, ვინც პანდემიის პერიოდში ოჯახის წევრები დაკარგეს. იტალიაში საგანგებო ზომებიც გამკაცრდა.
ევროპაში პირველად პაციენტების ევაკუაციისთვის ჩქაროსნული მატარებლების გამოყენება დაიწყო საფრანგეთმა. დღეს ამ გზით სტრასბურგიდან საავადმყოფოებში მძიმე მდგომარეობაში მყოფი 20 ადამიანი გადაიყვანეს. საფრანგეთში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი ათას 300-ს აჭარბებს. მსხვერპლის რაოდენობა იზრდება ბრიტანეთშიც, სადაც მთავრობამ მტვერსასრუტების მწარმოებელ კომპანიას 10 ათასი სასუნთქი აპარატი დაუკვეთა.
ოფიციალურ მოსკოვს იმედი აქვს, რომ პანდემიას 3 თვეზე ნაკლებ პერიოდში დაამარცხებს. განცხადება ვლადიმერ პუტინმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს გააკეთა. რუსეთი ხვალიდან სხვა ქვეყნებისთვის საჰაერო სივრცესაც ხურავს. დააჩქარეს მოსკოვის გარეუბანში ახალი საავადმყოფოს მშენებლობაც, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულები უნდა მიიღოს. 630-ით პაციენტზე გათვლილი დაწესებულება აპრილის შუა რიცხვებში მზად უნდა იყოს.