დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ციხის ხელმძღვანელებს, სადაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ანგარიშები ექვს ადამიანს გაუყინეს, გარდა ამისა, მათ ქვეყანაში შესვლაც აეკრძალათ.
- პოლკოვნიკი ვადიმ კალინინი - გამოსასწორებელი კოლონიის ხელმძღვანელი
- პოდპოლკოვნიკი სერგეი კორჟოვი - მოადგილე
- პოდპოლკოვნიკი ვასილი ვიდრინი - მოადგილე
- პოდპოლკოვნიკი ვლადიმირ პილიპიჩკინი - მოადგილე
- პოდპოლკოვნიკი ალექსანდრ გოლიაკოვი - მოადგილე
- პოლკოვნიკი ალექსანდრ ობრაზცოვი - მოადგილე
ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლელი ლიდერები რუსეთის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ.
"ნავალნის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზიები, ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაყენებთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ კემერონმა.
გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობამ მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადასცენ ნავალნის ცხედარი ოჯახს და სრული და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატარონ. მათი გზავნილი ეხმიანება ნავალნის დედის განცხადებას, რომ შვილის ცხედრის გადაცემაზე უარს ეუბნებიან.
რუსეთში ამბობენ, რომ ოჯახს ცხედარი ორ კვირაში მიიღებს.
***
16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ნავალნი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მათივე მტკიცებით, ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის დამატებით 19 წელი მიუსაჯეს.
თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა. ეტაპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ის უკვე ახალ კოლონიაშია.
N3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ნავალნი იყო მოთავსებული, სასჯელს იხდიდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი. აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.